
10 წლის ანამ სიარული დაიწყო ონის სამხატვორ სკოლაში სადაც ეუფლებოდა ხატვისა და ხელსაქმის სხვადასხვა ტექნიკებს. თითქმის 8 წელი უწყვეტად დადიოდა ამ სკოლაში, რამაც მის სამომავლო გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და 2016 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის მიმართულებით. ონში დაბრუნების შემდეგ მან მშობლიურ სამხატვრო სკოლაში დაიწყო პედაგოგად მუშაობა. ანასთვის ფარდაგების ქსოვა, არ არის მხოლოდ ხელობა, ეს ფილოსოფიაა, რომელიც ფერებსა და ორნამენტებში ცოცხლდება: ფარდაგის ქსოვა არის ტექსიტილის წარმოების უძველესი ქართული ტექნოლოგია; ისევე როგორც, ყველა მაღალმთიან რეგიონში, რაჭაშიც, ფარდაგების ქსოვა იყო ქალთა რეწვის ტრადიციული მიმართულება; უძველესი ტექნოლოგიით ნაქსოვი ფარდაგები უძლებენ დროს და თითქოს უკვდავს ხდის მის შემქმნელს; პროცესი იმდენად შრომატევადია, რომ თავად შემქმნელსაც ეჭვში აგდებს, არ არის დარწმუნებული ისეთ ნამუშევარს მიიღებს თუ არა, რაც გონებაში აქვს გამოსახული; დასრულებისას მოულოდნელობის, სიხარულის, სიამაყის გრძნობით აღტაცებული ოსტატი ხვდება, რომ დაფასდა მისი მოთმინება, შეუპოვრობა, დაზგასთან გათენებული არაერთი ღამე და გატარებული არაერთი თვე. სიხარული ასმაგდება და სიამაყის გრძნობით გავსებს, როცა იცი, რომ ინახავ, ერთ დროს პოპულარული ხალხური რეწვის ტრადიციას, რომლის ოსტატიც აღარავინაა შენს მხარეში. მუშაობა იწყება ესკიზის შექმნით - ძველი ორნამენტების ძიებით, ფერთა გამის შესწავლით, ორნამენტების განლაგების კანონზომიერებაზე დაკვირვებით. შემდეგ იწყება ქსოვის პროცესი, წინასწარ არასდროს იცი როდის დასრულდება. გახსენდება წინა ნამუშევრის დასრულებით განცდილი სიხარული და სიამაყე და გემატება მოტივაცია - ესეც დასრულდება, ესეც უნიკალური იქნება, ამითაც ვიამაყებთ.

ანას სახელოსნო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვის საინტერესოა ტრადიციული რეწვის ეს მიმართულება. ოსტატი მათ უსასყიდლოდ უზიარებს საკუთარ ცოდნას, ესკიზებს, მასლებს, უთმობს დროსა და სივრცეს. ანას თქმით დღეს მის ფილოსოფიას 7 მიმდევარი ჰყავს და ზუსტად იცის რატომ აირჩია ფარდაგების ქსოვა.

Comments