top of page

ტყის ნინმფა ზემო რაჭიდან

1991 წელი. რაჭაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ნანიკო 10 თვის იყო,  და მის უფროსმა დამ სასწაულებრივად მოასწრო კედლის ჩამონგრევამდე სახლიდან მისი გამოყვანა. 1994 წლიდან უსახლკაროდ და უმუშევრად დარჩენილმა ოჯახმა დატოვა ონი და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ოჯახსა და მთელს სანეთესაოში ნანიკო ყველაზე პატარა იყო, არ ჰყავდა თავის თანატოლი და საკუთარ თავს თვითონ ართობდა სხვადსხვა საქმინობით, თან ისე რომ მომცრო  ბინაში  მრავალშვილიანი ოჯახის სხვა წევრები არ შეეწუხებინა. სკოლაში შრომის გაკვეთილზე ასწავლეს ქარგვა - ეს ხომ იდიალური გასართობი იყო, მაგრამ არ ჰქონდა ძაფები და ისედაც სიდუხჭირეში მცხოვრები ვერ ბედავდა მშობლებისთვის მათი შეძენა ეთხოვა. მეზობლად ერთი ბერძენი ქალი ცხოვრობდა, რომელიც შეესწრო ნანიკოს ქარგვას საკერავი ძაფებით, გული სითბოთი აევსო და თავისთვის ძვირფასი მულინის საქარგავი ძაფები სიყვარულით გაუნაწილა. ეს ნამდვილი საგანძური იყო პატარა ოსტატისთვის და ხელსაქმის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა. დაახლოებით 10 წლისამ, რაჭაში ერთერთი ხანმოკლე ვიზიტის დროს, მეზობლის ქალისგან ისწავლა მძივებით სამაჯურების კეთება. თბილისში დაბრუნებულმა გადაწყვიტა თავის შექცევასთან ერთად საყვარელი საქმინობა პატარა ბიზნესად ექცია - სკოლაში ფუნთუშის საყიდლად, დედის მიცემულ 20-20 თეთრს აგროვებდა, ყიდულობდა ძაფებსა და მძივებს, ამზადებდა სხვადასხვა ნაკეთობებს და მეგობრებისა და მეზობლების დახმარებით ყიდდა. შემოსული თანხით კვლავ მასალებს ყიდულობდა.



მიუხედავად იმისა, რომ ვერ აისრულა ოცნება - სწავლა გაეგრძელებინა სამხატვრო აკადემიაში და ოჯახის დაჟინებული თხოვნით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაზე ჩააბარა, ისევე, როგორც ბავშვობაში, მაინც მონახა გამოსავალი და უნივერსიტეტში მეორად პროფესიად გამოყენებითი ხელოვნება - ტიხრული მინანქარი აირჩია. სრულ სიამოვნებას ღებულობდა, იპოვნა საკუთარი თავი და დაიწყო ოცნება საკუთარ სახელოსნოზე. მეგობრის შუამდგომლობით მინანქრითა და მძივებით დამზადებულ სამკაულებს აბარებდა სუვენირების ერთ-ერთ მაღაზიაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ მის ცხოვრებაში შემოდის თექა, აქაც საკუთარი მიმართულება იპოვნა - მინიატურული თექის სათამაშოები ტრადიციული  სამოსით.


მიუხედავ იმისა რომ ყოველთვის იყო დასაქმებული, ეს სამსახურები უმეტესად არასასურველი და არამიმზიდველი იყო. ნანუკა თავს საკუთარ ალტერნატიულ სამყაროს აფარებდა, შაბათ-კვირას ესწრებოდა ხალხური რეწვის კურსებს: ხევსურული ჯვრული ნაქარგობა, წინდების ქსოვა, გობელენი, სამჭედლო-საიუველირო საქმე, თიხით ძერწვა და ხის მხატვრული დამუშავება. ამ კურსების დროს ტრადიციულ რაჭულ ფორმებში გამოწყობილი გოგონათა გუნდი მღეროდა ფოლკლორულ სიმღერებს. ეს იყო გარემო, რომელიც დამღლელი და დამთრგუნველი სამუშაო კვირის შემდეგ ახალი ენერგიით ავსებდა პარალელურ სამყაროებს შორის გაჭედილს. ელისო არაბულისგან ისწავლა ჯვრული ქარგვა,  ხევსურულ ფერთა კანონიკა და ორნამენტები. ქარგვის ტექნიკის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ დაიწყო ნაქარგობების სამკაულებად გაცოცხლება. პარალელურად მონაწილეობას იწყებს გამოფენებსა და ფესტივალებში. 2015 წელს მინანქრის ერთ-ერთი სპეციალისტი დაუკავშირდა და სთხოვა მასთან ემუშავა ტიხრის გამოძერწვაზე. საახალწლოდ იგეგმებოდა დიდი, 2 კვირიანი გამოფენა, რისთვისაც ღამეებს ათენებდნენ, რომ ნამუშევრების საკმარისი რაოდენობის დამზადება მოესწროთ. მიუხედავად სრულიად არანორმალური გრაფიკისა ნანიკო ბედნიერი იყო - საკუთარ მინიატურულ სამყაროში ახლა უკვე 24 საათი შეეძლო ყოფნა.



ონში სამსახურის დაწყება და საცხოვრებლად გადასვლა ოჯახთან არ შეუთანხმებია. მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ სახლში მუდმივი ცხოვრებისთვის შეუსაბამო პირობები ხვდებოდა გული მაინც გამალებით უცემდა - ბრუნდებოდა იქ სადაც თავის სამყარო ელოდებოდა, ამ სამყაროში კი ბინადრები, თავისნაირები ეგულებოდა: ელფები ზემო რაჭიდან ჯადოსნური ხელებით, ხედვით, სახელოსნო „ედენას“ სახით. დროთა განმავლობაში, ბანკში მუშაობის პარალელურად, ხდება „ედენას“ ტრენერი, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს სხვა ქალებს. საკუთარ სახელოსნოზე ოცნებას არ წყვეტს და იმარჯვებს კარიტასის ერთ-ერთ პროექტში, რომლის გრანტის საშუალებითაც აწყობს ტიხრული მინანქრის საკუთარ პატარა სახელოსნოს.


გადის დრო, ხვდება ღირსეულ, დარბაისელ რაჭველ ვაჟს, ქორწინდებიან და უჩნდებათ პატარა გოგო - ნიტა. თანდათან ხვდება, რომ ზემო რაჭის საოცარ ბუნებაში მინიატურული სამყარო გაცილებით დიდია, ვიდრე თვითონ ტყეები, მთები და ველები. რაჭული ყვავილების მშვენიერება უბიძგებს იდეისკენ, აქციოს ისინი უჭკნობად. ტყეში სიარულისას გრძნობს, რომ პაწაწკინტელა, სხვისთვის პრაქტიკულად შეუჩნეველი, ფერად-ფერადი ყვავილები, ფოთლები, ტოტები, გირჩები და სხვ. მისგან მაგიას ითხოვენ - გვაქციე უკვდავებად! ასეთი შელოცვა/ტექნიკა ჯერ არ იცის და....



ნინმფა, რისი ნინმფაა, თუ ტყის ბინადრების ლაპარაკი არ ესმის, მათ თხოვნას ვერ შეასრულებს და გამოსავალს ვერ იპოვნის. შემთხვევით ხომ არ გადაურჩა პირდაღებულ მიწას, შემთხვევით ხომ არ ისწავლა სხვადსხვა მაგიური საქმიანობა საუკეთესო ოსტატებთან, შემთხვევით ხომ არ დაბრუნდა და დაოჯახდა ზემო რაჭაში, შემთხვევით ხომ არ გრძნობს თავს ბედნიერად მინიატურულ სამყაროში?!

სამკაულებად ქცეულებს მიანიჭა მუდმივი სიცოცხლე და მშვენიერებასთან ერთად რაჭის ტყეების სულის უკვდავებაც თან გააყოლა. ესაა ნანიკო - ტყის ნინმფა ზემო რაჭიდან.

 
 
 

Comments


bottom of page