top of page

ხეში გაცოცხლებული ისტორია

თემურ გუგეშაშვილი, თავის მეუღლესთან, ელენესთან ერთად  სასტუმრო „მხატვრის სახლის“ სულის ჩამდგმელია. ეს უბრალოდ ფრაზა არ არის, იქ მისული სტუმარი ნამდვილად იგრძნობს მისტიურ სამყაროს - სამყაროს, სადაც ყველაფერი სულიერია: არაჩვეულებრივი ფერწერული ტილოები თუ ფოტოები, ავეჯი თუ ფარდაგები, ოთახები თუ ვერანდა/აივნები, ეზო თუ შენობები, უბრალო ქვაც კი სუნთქავს და ხარობს უსაფრთხო, თავისუფალი გარემოთი. მიუხედავად იმისა, რომ შენობა-ნაგებობები კარგა ხნის დასრულებულია, ოჯახი  პერიოდულად აანახლებს, ცვლის ექსტერიერ/ინტერიერს, ეზოს დეკორაციებს, როგორც ეს ცოცხალს შეეფერება, სწორედ ამიტომაა, რომ „მხატვრის სახლი“ ყოველთვის ინარჩუნებს განსაკუთრებულ  მაგიას.



ნათქვამია, რომ ყველა თავად ქმნის საკუთარ სამყაროს... თემურის ბაბუის ძმა  ხის ცნობილი ოსტატი იყო, მისი წინაპრებიც ოსტატები ყოფილან და თემურიც ამ გარემოში იზრდებოდა. 1968 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, 14 წლის თემურიმ სწავლა დაიწყო ინდუსტრიულ სასწავლებელში, ხის დამუშავების განხრით, შემდეგ პუშკინის საინჟინრო ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ გაიწვიეს ჯარში. ეტყობა ბედისწერა იყო, რომ იქაც  ხის გერმანულ საამქროში გაანაწილეს სამუშაოდ. გერმანელებთან მუშაობამ ასწავლა სიზუსტე და  ხარისხზე ორიენტირება. 1973 წელს დაბრუნდა გერმანიიდან და მუშაობა დაიწყო ხის მხატვრული დამუშავების პედაგოგად. გაირა ცხოვრების სხვადსხვა ეტაპი: ტკივილებითა თუ სიხარულებით, წარმატებებითა თუ უიმედობით,  ზოგჯერ სრულიად არ ესმოდათ მისი და ერიდებოდნენ, ზოგჯერ „აღმერთებდნენ“. 2008 წელს გადაწყვიტა დაბრუნებულიყო ონში და შეექმნა ის ჯადოსნური სამყარო, რომელსაც სულ ხედავდა თავის წარმოდგენებში, სამყარო სადაც მუდამ ისეთი მასპინძეილი იქნებოდა, რომელიც  მშვენიერებას, სიყვარულს, სითბოს გაუზიარებდა სტუმარს.


საოცრად რთული და შრომატევადი აღმოჩნდა ამ სამყაროს შენება, მაგრამ მას გვერდით ხომ ელენე ჰყავდა, ქალი რომელიც ზუსტად ისე გრძნობდა და ხედავდა როგორც თემური, ელენე - უნიჭიერესი ხელოვანი და უსაზღვრო სიკეთის მატარებელი.



გადიოდა დღეები. ხისგან ისე „იწერებოდა“ ისტორია, თითქოს საჭრეთელისა და ფუნჯების ნაცვლად „ჯადოსნური ჯოხი“ ჰქონდათ. ცოცხლდებოდა მივიწყებული ჩუქურთმები, ავეჯი, ჭვირული აივნები, კედლები, მარანი, ხის ჭურჭელი, სურსათის შესანახი სკივრები, ეზო. ცოცხლდებოდა ისე თითქოს, თემურისა და ელენეს დღისით შექმნილ მშვენიერებას, ღამ-ღამობით ოლიმპოს ღმერთები შათბერავდნენ სულს.


თემურისა და ელენეს ვაჟი, ნიკაც ხელოვანია, განა გასაკვირია?! ფოტოგრაფი, რომელსაც შეუძლია დაიჭიროს და  საკუთარ ფოტოებში აღბეჭდოს რაჭის ბუნების სუნთქვა. სიამოვნებს, როცა სხვებიც მიჰყავს იმ ზღაპრულ ადგილებში, იქ საიდანაც დაბრუნებულებს თამად შეეძლებათ თქვან:


 „მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,

თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,

გულზე მესვენა მზე-მთვარე,

ვლაპარაკობდი ღმერთთანა“



 

 
 
 

תגובות


bottom of page