top of page

არმუნჯი

თხრობითი ისტორიები

გურია

გურია

მავრა ცერცვაძე
„არმუნჯი“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. გორაბერეჟოულში მდებარეობს დენდროლოგიური პარკი და მე-17 საუკუნის ერისთავების ციხე-დარბაზი, სადაც უძველესი ქვევრებია შემორჩენილი. ამ ქვევრებში, სხვადასხვა ენდემური ჯიშის ყურძნისგან, გურული ღვინო იწურებოდა. მავრა ცერცვაძისა და გურამ ტყეშელიაძის კარ-მიდამო ამ საინტერესო ტურისტული ლოკაციასთან ყველაზე ახლოს მდებარე ოჯახია. ციხის მარნის ისტორიების გაცნობის შემდეგ, ვიზიტორები ადგილობრივი ღვინოების დაგემოვნების სურვილს გამოთქვამდნენ და სურვილი სურვილადვე რჩებოდა. შრომისმოყვარე ცოლ-ქმარმა ეს ფაქტი შესაძლებლობად მიიჩნია და გადაწყვიტეს გურული ვაზის აღორძინება. 2012 წელს მოიძიეს დავიწყებას მიცემული საინტერესო ყურძნის ჯიშები, რომლებიც, გადმოცემით, ამ უძველეს ქვევრებში იწურებოდა. ოჯახის მამაპაპისეულ, საუკუნის ისტორიის მქონე 0.5 ჰა სავენახე ნაკვეთზე გააშენეს ჩხავერი,ოცხანური საფერე, ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა, კლარჯული, გააახლეს წინაპრების მიერ დარგული ციცქა და ცოლიკოური. მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, გურამმა და მავრამ ისე დაგეგმეს ვენახის განლაგება, რომ სივრცე ხელმისწავდომი ყოფილიყო ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვისაც. ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეს და დღემდე არ იშურებან ძალისხმევას განვითარებისა და ხარისხიანი პროდუქციის შექმნისთვის. დღეს ოჯახის უძველესი მარნი რესტავრაციის პროცესშია. მავრას და გურამის ღვინოები ისმხება ბოთლებში. განსაკუთრებული ადგილი უკავიათ: ცოლიკოურს, ციცქა-ცოლიკოურს, საკმიელას, ოცხანურ საფერეს, ჯანის, კლარჯულს, ციცქა-ცოლიკოური-საკმიელას, სხილათუბანს, ჩხავერს. კომპანია „8000 მოსავალში“ სადეგუსტაციო კომისიამ თყეშელიაძის ღვინოს უმაღლესი შეფასება მიანიჭა და მათი ღვინოები საკუთარ დახლებზე განათავსა. საინტერესო ფაქტია, რომ ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა, კლარჯული პირველებმა შეიტანეს თბილისის ღვინის მაღაზიებში (ღვინის კოშკი, ღვინის გალერეა და სხვ.) და თბილისელებს დავიწყებული გურული ღვინოების გემო და არომატი გაახსენეს. „არმუნჯი“ ღვინის ექსპორტისთვისაც ემზადება. ღვინის წარმოების ბიზნესად ქცევამ ოჯახს ახალი საჭიროებები დაანახა -სადეგუსტაციო სივრცე, ღვინის დაგემოვნებისას სხვადასხვა მისაყოლებელი ნუგბარისა და ავთენტური გურული გარემოს შეთავაზება კიდევ უფრო მოხიბლავდა ვიზიტორებს. 2019-2020 წლებში მავრამ მონაწილეობა მიიღო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტებში და მოიპოვა მცირე დაფინანსება, რომელიც ბიზნესის გამრავალფეროვნებას მოახმარა - შექმნა კომპლექსური ტურისტული ლოკაცია „არმუნჯი“. „არმუნჯი“ უძველესი გურული სიტყვაა და ნიშნავს უწყლო, მართალ ღვინოს. მავრამ, ეზოში მდებარე ე.წ. სამზადი სახლი ახალი დანიშნულების საინტერესო სივრცედ გადააქცია: მოაწყო ღვინის სტენდი და სადეგუსტაციო სივრცე, ღვინისა და ტრადიციული ორნამენტების თემატიკაზე მოწყობილ ინტერიერში სტუმრებს სთავაზობს ადგილობრივი ნედლეულით დამზადებულ საოჯახო მურაბებისა („მავრას მურაბა“) და გურული ჩაის დაგემოვნებასაც, აქვე ხელმისაწვდომია ჩურჩხელის ამოვლების, ფელამუშის, გურული ღვეზელისა თუ სხვა გურული კერძების მომზადების, თექაზე მუშაობის, ქართული ორნამენტების ქარგვის მასტერკლასებიც. ღვინისა და მურაბების გარდა, ვიზიტორებს ოჯახის ქალბატონების მიერ შექმნილი ქართული ეროვნული სამოსის (გულისპირი და ყაბალახი) შეძენაც შეუძლიათ. გურული ყაბალახი, ერთ-ერთი გაყიდვადი და საინტერესო ნამუშევარია რომელიც ხელით იკერება და გათვლილია ყველა სქესის წარმომადგენელისთვის. ძალზედ საინტერესოა ამ ოჯახის ისტორიის გაცნობაც, რომელიც მსოფლიო ქარტეხილებს უკავშირდება და მისი წევრების ტრაგიკულ ცხოვრების გზას აღწერს.

მის: ჩოხატაური, სოფ.გორაბეროჟოული; მობ: +995 599 514 556; e-mail: mavratsertsvadze05@gmail.com

bottom of page