top of page

ბესიკ მეფარიშვილი

ღვინო

გურია

გურია

„ბექას ღვინო“

სახლი, რომელშიც ახლა ბესო მეფარიშვილი მეუღლესთან მარიკა შოშაშვილთან და სამ არაჩვეულებრივ შვილთან ერთად ცხოვრობს, მის ბებია-ბაბუას ეკუთვნოდა. ბაბუას ეზოში გაშენებული ჰქონდა სხვადასხვა გურული ჯიშების ვენახი, ხოლო დიდი რცხილის ხეებქვეშ მოწყობილი ჰქონდა ტრადიციული გურული მარანი ჭურებით. ბესო მაშინ ძალიან პატარა იყო, არ ახსოვს, რა ჯიშები ჰქონდა ბაბუას, ბუნდოვნად ახსენდება „ჩხავერი“ და „ალადასტური“. „თხილის ბუმის“ დროს გურიაში მასიურად გაიკაფა ვენახები, არც ბაბუის ეზო იყო გამონაკლისი-რცხილები შეშისთვის მოჭრეს და მევენახეობა-მეღვინეობა დავიწყებას მიეცა. ბაბუას არ უნდოდა ვენახის ჩანაცვლება, მაგარმ მამა ეწინააღმდეგებოდა - „ვენახს ბევრი მოვლა სჭირდება, თუ ძალიან გინდა გავყიდით თხილს და იყიდე ყურძენი ღვინის დასაყენებლადო“. უმაღლესის დამთავრების შემდეგ, ბესო დაბრუნდა სოფელში და გაიცნო ერთი ახალგაზრდა დათო კობიძე, რომელიც ვენახის გაშენების სურვილით იყო შეპყრობილი, რის გამოც გარშემომყოფები „აბდალს“ ეძახდნენ-მევენახეობა ხომ უპერსპექტივო დარგი იყო იმხანად. მართალია ბესო აგულიანდებდა, მაგრამ გულში მასაც ეჭვი ეპარებოდა დათოს წამოწყების წარმატებაში. მიწის რეფორმის დროს, ბესოს წილად ერგო საცდელი მეურნეობის ნაკვეთი, რომელზეც ადრე ყურძნის სხვადასხვა ჯიშები გამოჰყავდათ. ოჯახმა ამ ნაკვეთზე სიმინდის მოყვანა დაიწყო. ერთხელ, ბესომ და დათომ შემთხვევით ჩაიარეს ამ ნაკვეთთან. დათომ აღშფოთებულმა თქვა „ამ ნაკვეთის პატრონს თავში ტვინი არ ჰქონია, ამ მიწას სიმინდისთვის როგორ აცდენსო“. ბესო გამოუტყდა ჩემიაო და იმავე საღამოს დათომ 300 ძირი ჩხავერი მოუტანა. ოჯახი შოკში ჩავარდა, ბესოს გადაწყვეტილებით. ყველა წინააღმდეგი იყო - შენგან მევენახე და მიწასთან მომუშავე ვერ დადგებაო. მხოლოდ ბაბუა, 80 წლის ბერიკაცი, ბედნიერებით აღსავსე ეხმარებოდა ბესოს. მოტივაციაც საკმაოდ მაღალი ჰქონდა - ყველასთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ამას შეძლებდა! ბესოს რჩევებს ანდრო ვაშალომიძეც აძლევდა. ამასობაში ანდროს ერთ-ერთი პროექტით გადასცეს გურული ვაზის ნერგები და მანაც ბესოს 1000 ძირი „ჩხავერი“ და 100 ძირი „ჭუმუტა“ აჩუქა. ვენახის მსხმოიარობამდე მიყვანამ იმდენი დრო, ენერგია და ფინანსები წაიღო, რომ ბესომ ყურძნის გაყიდვა გადაწყვიტა, მაგრამ, ციდან ისევ მეტეორივით დაეცა დათო კობიძე, მოუტანა ბოთლები, კორპის საცობები, ათხოვა ჭურჭელიც და დააფიცა, რომ ღვინოს დაწურავდა. მეფარიშვილების ვენახის ისტორია 2013 წელს იწყება,სწორედ ამ წელს დაიბადა ბესოს ვაჟი, ბექა და ღვინის სახელიც მზად იყო - „ბექას ღვინო“. ხოლო პირველი ღვინო მარანში 2018 წელს ჩამოასხეს. 2019 წლიდან „ბექას ღვინო“ პირველად გავიდა ექსპორტზე აშშ-ში, ქართულ რესტორანში. დათო სულ აკონტროლებდა ბესოს, მოდუნების საშუალებას არ აძლევდა და ერთ ღამესაც ვახშმის შემდეგ, ოდნავ შეზარხოშებულმა მარნის მშენებლობაზე ჩამოუგდო საუბარი. დაიწყეს პროექტზე მსჯელობა, დაათენდათ და დილისთვის გადაწყვეტილებაც მიღებული ჰქონდათ - ბესოს მარანი უნდა აეშენებინა. პანდემიამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა ბესოს ბიზნესს, მაგრამ, ისევ დათოს დახმარებით, ღვინო ექსპორტზე აშშ-სა და ავსტრალიაში გაიტანა. დღეს ბესო ასე ხუმრობს: „ბედმა გამიღიმა, რომ დათო მასწავლებლის გაკვალულ გზაზე მიწევს სიარულიო“.

მეფარიშვილის მარანი არის „ბუნებრივი ღვინის ასოციაციის“ წევრი, აწარმოებენ, როგორც ტრადიციული, ასევე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ, ვარდისფერ, თეთრ და ქარვისფერ „ჩხავერს“, „ცოლიკოურს“,ჭუმუტას“. „ბექას ღვინო“-ის შეძენა შესაძლებელია ადგილზე და ონლაინ. შეკვეთის შემთხვევაში მწარმოებელი თავად უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით პროდუქციის მიწოდებას.

მის: ჩოხატაური სოფ. ზემო ფარცხმა; მობ: +995 591 551 895; e-mail: besomefarishvili@gmail.com; mari.shoshashvili@gmail.com

bottom of page