გიორგი კაციტაძე
ტრადიციული ხელობა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ბავშვობიდან მიყვარდა ხესთან მუშაობა, თუმცა რაიმე შესაბამისი პროფესიული ცოდნა არ მქონდა. 1982 წელს ბიძაჩემთან მუშაობდა ერთი შქმერელი დურგალი ლავრენტი დაუშვილი, მაშინ 21 წლის ვიქნებოდი, გვერდიდან არ ვშორდებოდი, ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა როგორ აკეთებდა თითოეულ დეტალს. ხის დამუშავების მიმართ ჩემი ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა და გადავწყვიტე სახლში გამეკეთებინა კარადები რაჭული დიზაინით, რომელიც დღემდე მშვენივრად გვემსახურება - ასე იწყებს საუბარს საკუთარ საქმიანობაზე გიორგი კაციტაძე. პროფესიით ჰიდრო-ინჟინერი, დღეს ცხოვრობს ამბროლაურის რაიონის სოფ. მუხლში. აქვს საკუთარი ხელით აშენებული სახელოსნო, სადაც ხეში აცოცხლებს რაჭულ გენსა და უნიკალურ ჩუქურთმებს. ავეჯის გარდა ამზადებს სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო ნივთებს, ჭურჭელსა და სუვენირებს. გიორგისთვის პრიორიტეტულია რაჭული ოდა სახლების აივნებისთვის დამახასიათებელი ე.წ. ჭვირული ფარდების ტრადიციის გაგრძელება-განახლება. მისი ნამუშევრები ძვირფასი ადგილობრივი ხეების: კაკლის, წაბლის, მუხის, თელის, კოპიტისა და რცხილასაგანაა დამზადებული. გარე დამუშავებისთვის იყენებს ეკოლოგიურად სუფთა ნივთიერებებს, რომლებიც უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. საოცარია ე.წ. „სეგმენტური“ ტექნოლოგიით დამზადებული ნივთები - ქართული და თან ანტიკური ბერძნულ-ეგვიპტური ემოციებით, რომელთა დამზადებისთვის საჭიროა არა მხოლოდ პროფესიონალი დურგლის გამოცდილება, არამედ რთული მათემატიკური გამოთვლები. ამავე დროს ყოველი ასეთი ნაკეთობა უნიკალურია და განუმეორებელი.
არსებული ნივთების შეძენის გარდა, გიორგისთან შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთით სასურველი დიზაინისა და მასალისგან ნებისმიერი ნივთის დამზადება.
მზა ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, აგრეთვე ონში, რუსთაველის ქ. 15-ში მდებარე მაღაზია „ეთნოონში“.
მეორე სიცოცხლე - „მუხლელი ოსტატი“
თბილისის 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ, გიორგი კაციტაძის პროფესია - ჰიდრო-ინჟინერია, აღარავისთვის იყო საჭირო. ქვეყანა და მოსახლეობა გადარჩენისთვის იბრძოდა. თბილისში უმუშევრად დარჩენილი გიორგი გამოსავალს ეძებდა. მის ერთ ნაცნობს ხის პატარა საამქრო ჰქონდა, სადაც ძველი ავეჯის რესტავრაციას აკეთებდნენ, ასევე დამკვეთის სურვილის შემთხვევაში ავეჯს აჩუქურთმებდნენ ანტიკვარულ სტილში. ვინაიდან გიორგის გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, ნაცნობმა მასთან მუშაობა შესთავაზა. სწორედ იქ ისწავლა გიორგიმ ჩუქურთმის ჭრის ხელობა და საკუთარი საქმიანობა სრულად დაუკავშირა ხის მხატვრულ დამუშავებას. სახელოსნოში დაახლოებით 5 წელი იმუშავა, რის შემდეგაც, როგორც მაღალკვალიფიციური ოსტატი, დურგლად სამუშაოდ გადავიდა აშშ საელჩოში, სადაც უწყვეტად იმუშავა 16 წლის მანძილზე. საკუთარ სახელოსნოზეც ფიქრობდა, მაგრამ ამისთვის არც დრო და არც ადგილი ჰქონდა. 2021 წელს პანდემიის პერიოდში, გადაწყვიტა დაბრუნებულიყო მშობლიურ სოფელში და მოეწყო სადურგლო საამქრო. დრო უამრავი ჰქონდა. ატარებდა ექსპერიმენტებს, ონლაინ ეცნობოდა ხის დამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიებს, ქმნიდა ახალ-ახალ ნივთებს. სცადა და გამოუვიდა „სეგმენტური“ ტექნოლოგიით ნაკეთობების დამზადება. რაჭის მრავალფეროვანი და უნიკალური ხის მასალები ფანტაზიის უსაზღვროდ გაშლის საშუალებას აძლევდა და ნამუშევრებს უფრო მეტ ეფექტსა და მშვენიერებას სძენდა. დაიწყო გიორგის ცხოვრების ახალი ეტაპი. დილა იწყება საკუთარი ხელით აშენებულ სახელოსნოში მუშაობით: სხვადასხვანაირი დანიშნულებისა და დიზაინის ნივთების ესკიზების შემქმნა, შემდეგ წარმოდგენა, როგორი იქნება ხის სხვადასხვა სახეობაში გამოკვეთილი ესა თუ ის ნაკეთობა, როგორ შეეწყობა ერთმანეთს ფრაგმენტები, გადაწყვეტილების მიღება, რომელი მასალა იქნება უკეთესი და ჯერი საჭრეთელზეც მიდგება. ზოგჯერ ისე დაღამდება, ვერც ხვდება. დასრულებული ნამუშევარი, პირველ რიგში თავად უნდა შეაფასოს - მიანიჭა კი ხეს მეორე სიცოცხლე?! თვითონ ხომ, სწორედ ამ საქმიანობით იქცა „მუხლელ“ ოსტატად.
მის: ამბროლაურის რაიონი სოფ. მუხლი
მობ. (+995) 551 111 743
e-mail: gogo_tamu@yahoo.com