დავით კობიძე
ღვინო
გურია

„კობიძეების მარანი“
ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მძიმე 90-იან წლებში დავითი ბრუნდება სოფელში, მისი მშობლები უკვე ასაკში არიან, ჰყავს საყვარელი გოგონა და სურს ოჯახის შექმნა, მაგრამ არ აქვს არანაირი შემოსავალი, არც გლეხის ნაშრომს აქვს ფასი და იწყებს ფიქრს როგორ შეიძლება დაიწყოს საკუთარი საქმიანობა. კობიძეების ეზოში დღესაც დგას დიდი ბაბუის - გლახუნა კობიძის დარგული 150 წლიანი „ჩხავერის“ მაღლარი ვაზი. ადრე დათოს მამას გახმობის პირას მისული ის ბლის ხე, რომელზეც ვაზი იყო ასული, გადაეჭრა და ვაზი დაედაბლებინა. ამ ვაზის მიმართ დათოს მამას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა: პირველს მას სხლავდა, ნიადაგს უნოყიერებდა, ეფერებოდა, თითქოს ის წინაპრებთან დამაკავშირებელი ხიდი იყო და დათოც ამ გრძნობით უყურებდა „მარტოდ“ დარჩენილ „ჩხავერს. ამ დროისთვის, უკვე გურიაში „ჩხავერი“ სანთლით საძებარი იყო, არც ნერგები გამოჰყავდა ვინმეს. სწორედ ეს ვაზი გახდა დათოს ახალი საქმიანობის დაწყების შთაგონების წყარო, მან მამას ვაზის გამრავლება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო - „შენ ისევ თბილისში წახვალ და მერე მარტო ჩემი მოსავლელი გახდებაო“. ვის არ სთხოვდა დათო დახმარებას და რჩევას, მაგრამ კვლავ უარს ღებულობდა. ბოლოს „ვენახისა და ლხინის“ მოყვარულმა ერთმა ბიძამ დახმარება აღუთქვა, 1996 წელს დაიწყო გამრავლებაზე ზრუნვა და 1997 წელს გააშენა თავის პირველი ვენახი. 5 წელი თავდაუზოგავად უვლიდა ვაზს და 2001 წელს პირველი მოსავალიც მიიღო. მამამ და ძმამ რომ დაინახეს, დათო თავის „ახირებაზე“ არ აპირებდა ხელის აღებას, გვერდში დაუდგნენ, მერე მთელი „საკობიძეოც“ ეხმარებოდა და დათოს ოჯახი გახდა ერთ-ერთი პირველი, ვინც იმ დროს 40 ძირით დაიწყო „ჩხავერის“ მოშენება. ყურძენის მოსავალი საუცხოო მოსდიოდა, ჯერი ღვინოზე მიდგა. დაიწყო ბიზნესზე ფიქრო მაგრამ...არც ღვინო უნდოდა ვინმეს და არც ყურძენი. მისი ბიზნეს-იდეისაც არავის სჯეროდა, ამასობაში გურიაში დაიწყო „თხილის ბუმი“. დათოს თხილი მოთხრილი ჰქონდა, მის ადგილზე ვენახი გაეშენებინა. პირში თქმას ვერავინ უბედავდა, მაგრამ ზურგსუკან ყველა განიკითხავდა - სულ „გააბდლდა“, რაში სჭირდება „ჩხავერიო“. დათო არ გატყდა! პირველი მოსავალიდან დაყენებული ღვინო დედაქალაქში წაიღო გასაყიდად, თბილისში ასეთი ღვინო აღარც ახსოვდათ, საბჭოთა პერიოდში ისედაც მცირე რაოდენობით იწარმოებოდა მაშინდელი ,,ელიტისთვის“, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შესთავაზა, სულ ვიყიდი რაც გაქვსო და ასე გაყიდა პირველი 200 ლიტრი. დათომ თავი დაანება ახალი ვენახების გაშენებას, თითქოს პერსპექტივასაც ვეღარ ხედავდა. 2009 წელს კი გამოჩნდა კარგი პიროვნება და მეღვინე ზურაბ თოფურიძე, მოეწონა დათოს ვენახი და ყურძნის შესყიდვა შეთავაზა. ამასობაში ქვეყანაში იწყება დავიწყებული ჯიშების მოძიება და აღდგენა. სოფლის მეურნეობის სპეციალისტმა, კარგმა ადამიანმა კორნელი კუკულავამ, დათოს ვაზის ადგილობრივი ჯიშების „გაცოცხლება“ შესთავაზა. ასე დაიწყო დათოს, როგორც ამპეოლოგის კარიერა. 2013 წლიდან თავის ძმასთან ტატო კობიძესთან ერთად დააფუძნა ,,კობიძეების მარანი“ და დაიწყო ვაზის უნიკალური გურული ჯიშების საკოლექციო ნაკევთის გაშენება. დღეისთვის მის ვენახებსა და საკოლექციო ნაკევთში 20-მდე ძველი გურული ჯიშია, ამზადებს სანამყენე მასალას, რომლის გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „კობიძების მარანის“ ღვინის წარმოებაში წამყვანია „ჩხავერი“, „ალადასტური“, „სხილათუბანი“, „საკმიელა“, „კამური“. დათო არის „ბუნებრივი ღვინის ასოციაციის“ წევრი. მისი ღვინოები გადის ექსპორტზე: ამერიკაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, პორტუგალიაში, ტაივანსა და ლიეტუვაში. კობიძეების მარნის ღვინის შეძენა შესაძლებელია ადგილზე და თბილისში: ,,ღ-vino ანდერგრაუნდი“, „ვან ბუტიკი“, „ ჯი ვინო“, „სულიკო“, დაგემოვნება შეგიძლიათ რესტორან „დაფნაში“.
განაკუთრებული და შეზღუდული რაოდენობის პროდუქტია „წინაპრების ღვინო“, რომელიც 150 წლიანი „ჩხავერის“ ვაზის მოსავლისგან მზადდება.
მის ჩოხატაური სოფ. ერკეთი; მობ. +995 591 551 895; e-mail: davitkobidze01@gmail.com