top of page

ეკატერინე ციხისელი

ტრადიციული ხელობა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ეკატერინე ციხისელი - „ანთილიოსი“
„ანთილიოსი“ ქართულ განმარტებით ლექსიკონში განმარტებულია, როგორც მზე, რომელიც ღრუბლებიდან ანათებს. სწორედ ასეთია ის გზა, რომელიც ეკატერინე ციხისელმა მეწარმეობამდე გაიარა. რაჭაში, ონში, სოფ. ღარში არის ადგილი, რომელიც სიტკბოთი, სურნელით და ათასნაირი ფერებითაა გაჯერებული - ეკას საფუტკრე და ცვილის დეკოარტიული სანთლების სამყარო. აქვე დააგემოვნებთ და შეიძენთ ადგილობრივი ნედლეულისგან, ტყის კენკრებისგან და ნაძვის გირჩებისგან დამზადებულ ეგზოტიკურ მურაბებს: კაკლის, ვარდის, გირჩის, ჟოლოს და სხვ.
საკუთარი ფუტკრის ცვილისგან ეკა ამზადებს სხვადასხვა ფორმის, ფერისა და სურნელის სანთლებს. შესაძლებელია ექსკუზიური დიზაინის სანთლების შეკვეთაც.
პროდუქციის ღირებულება დამოკიდებულია: თაფლისა და მურაბებისთვის დაფასოების მოცულობაზე, სანთლებისთვის დიზაინის სირთულესა და ცვილის რაოდენობაზე.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ადგილზე სოფ. ღარში და ონში, რუსთაველის ქ. 15-ში - მაღაზია „ეთნონში“.

ეკატერინე ციხისელი - გზა დაბალი თვითშეფასებიდან მეწარმეობამდე

„5 დედმამიშვილი დები ვიყავით. მე ყველაზე კარგად ვსწავლობდი და მამა მეუბნებოდა: საცხოვრებლის გაყიდვაც რომ მომიწოს, აუცილებლად მოგცემ შესაძლებლობას უმაღლესი განათლება მიიღოო. 11 წლისა ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. მარტო დარჩენილმა დედამ გადაწყვიტა 5-ვე მშრომელ და კარგ მეოჯახე ქალებად გავეზარდეთ. თითქოს მუდმივად უკმაყოფილო იყო ჩვენი გაკეთებული საქმით და უფრო მეტს გვთხოვდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ჩემი ტყუპისცალი და, რომელიც ყველაზე ლამაზი იყო, სულ ყურადღების ცენტრში ექცეოდა, ხოლო მე თითქოს კუთხეში მიკუნტული, თავს უხერხულად ვგრძნობდი. ამას ახლა ვხვდები, როცა ჩემი 4 შვილიდან ერთი განსაკუთრებით ლამაზი და საოცრად საყვარელი გოგონა მუდმივად ყურადღების ცენტრშია და დანარჩენებს ნაკლებად ამჩნევენ. ახლა მეუბნებიან რომ დაბალი თვითშეფასება მაქვს, ალბათ ასეცაა, თუმცა უმიზეზოდ არაფერი ხდება და მეც მაქვს ამის მიზეზი.

გარდა ბავშვობის გაუცნობიერებელი ტრამვისა, აღარც სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მომეცა, არადა ძალიან მოწადინებული ვიყავი, ბევრი ოცნება მქონდა. 17 წლისა „მომიტაცეს“. მეუღლე ლამაზი, თეთრი, ცისფერთვალება ვაჟკაცი და მე შავგვრემანი, გამხდარი... მუდმივად მესმოდა: ასეთ ანგელოზ ბიჭს , რა ქონდა შენი დასაწუნიო. არც ვიწუნებდი, უბრალოდ სულ სხვა გეგმები მქონდა. სწვალის სურვილი არც დაოჯახების შემდეგ დამიკარგავს - დავამთავრე საფერშლო კოლეჯი. მიყვარდა კითხვა, ვამეცადინებდი სკოლის მოსაწვალეებს და ამით ვიკლავდი სწავლის ჟინს. ვგრძნობდი რომ ოჯახში არ მოსწონდათ „დროს რომ უქმად ვკარგავდი“. დედაჩემის დარიგება „არავისგან გავიგო შენზე საყვედურიო“ პირდაპირი მნიშვნელობით მქონდა გაგებული და ამიტომაც არ შევწინააღმდეგებივარ ოჯახს და არც არასდროს ვინმე სხვას.. არასდროს ვაჟღერებდი ჩემს სურვილებსა და მოსაზრებებს, ჩავკალი ჩემში ყველა ოცნება და ჩემი ფუნქცია მორჩილი ცოლის, რძლის და დედის როლით შემოიფარგლა. პირველად საკუთარი უფლების დაცვა მაშინ გადავწყვიტე და მაშინ გადავაბიჯე „სხვათა აზრს“, როცა მე-3 შვილის გაჩენა გადავწყვიტე. მეუღლეს თითქოს არ უნდოდა კიდევ ერთი ბავშვი, ეტყობა დედობრივმა ინსტიქტმა გადამძლია და გაჩნდა პატარა გოგო. მალევე ჩემმა მეუღლემ, პირველად ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე, მადლობა გადამიხადა ამ ურჩობისთვის, მაშინ, თითქოს, ცოტათი გავთამამდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გავმხნევდი.

ასაკსაც მოაქვს რაღაც თვითდამაჯერებლობა, ალბათ, ამ მცირედით გამხნევებულმა, ჯერ სახლ ს მივხედე, გავარემონტე მეუღლის მხარდაჭერით, მერე ბუღალტერიისა და მეფუტკრეობის ტრენინგებზე გადავწყვიტე სიარული. ორივე კურსი წარმატებით დავასრულე. საჩუქრად 2012 წელს ფუტკრის 2 ოჯახიც მომცეს. ამას მოჰყვა არაერთი ტრენინგი, რითაც ჩემი სწავლისა და განვითარების სადღაც ჩამარხულ ოცნებას ნელ-ნელა ფრთებს ვასხამდი. ფონდმა „ტასომ“და შედგომ ფონდმა აფხაზინტერკონტმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, დამაბრუნა რეალურ სამყაროში, დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. ნელ-ნელა გავაორმაგე ფუტკრის ოჯახები, ფერმერთა ასოციაციამ მომცა გრანტი ციბრუტისთვის. დავიწყე თაფლის წარმოება, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო გამოფენებსა და ფესტვიალებში. სწორედ თაფლის წარმოების პროცესში დამებადა ცვილის ფიგურების გაკეთების იდეა. თაფლის წარმოებას ყოველთვის თან ახლავს ცვილის გამოყენების შესაძლებლობა. მივხვდი, რომ ხელსაქმე, ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში შეიძლებოდა ერთგვარი თვითრეალიზაციის წყარო გამხდარიყო. მინდოდა ჩემი ოცნებები. სილამაზისა და ფერადობის სიყვარული ცვილში გადამეტანა, თან არც დიდ დროს წამართმევდა და შესაბამისად ნაკლებ საყვედურსაც დავიმსახურებდი, რომ დროს უქმად ვკარგავდი. თავად სანთელი ხომ წყვდიადში სინათლისა და იმედის სიმბოლოა. ეს ფიგურები ჩემს ცხოვრებას მინათებდნენ, ძალას მაძლევდნენ და იმედს მიმტკიცენდნენ - მე შემიძლია!

დღეს უკვე საკმაოდ დავოსტატი დეკორატიული, სურნელოვანი, ფერადი ცვილის სანთლების დამზადებაში. რაც დრო გადის ახალი იდეები მიჩნდება და მათ უმოკლეს დროში რეალობად ვაქცევ - ადგილობრივი ტყის ნედლეულით, დავიწყე ეგზოტიკური მურაბების მომზადება. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. უუფლებობიდან მეწარმეობამდე დიდი გზა გავიარე, ბევრი დრო დავკარგე და ახლა გაჩერება არ შეიძლება, მუდმივად უნდა ვიმოძრაო, რომ კვლავ დაბალი თვითშეფასების ჭაობში არ ჩავიძირო და მუდმივად სხვაზე დამოკიდებული არ ვიყო.“

მის: ონის რაონი სოფ. ღარი;
მობ. (+995) 595 170 275;
e-mail: ekaterine.oni@gmail.com

bottom of page