top of page

ზაზა ცინცაძე

თაფლი

გურია

გურია

„გურული ფუტკრის თაფლი“

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მძიმე 90-იან წლებში, გაჩერდა ჩაის ფაბრიკები, რომლებიც გურიაში დასაქმების ძირითადი ადგილები იყვნენ. ზაზას მამა, ნუკრი, ერთ-ერთ ჩაის ფაბრიკაში მმართველ პოზიციაზე მუშაობდა და უმუშევარი დარჩა. მას მერე ნუკრიმ ბევრჯერ სცადა საკუთარი ბიზნესის წამოწყება: ჰქონდა „ნაბეღლავის“ ჩამომსხმელი მინი-ქარხანა, ჩაის გადამუშავება და სხვ. მაგრამ სტაბილური არაფერი იყო. ბოლოს გადაწყვიტა მეფუტკრეობისთვის მოეკიდა ხელი. გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ რადგან გადაწყვეტილება მიიღო საფუძვლიანად შეისწავლა ეს მიმართულება. კონსულტაციები გაიარა აგრარული უნივერსიტეტის მეფუტკრეობა-მეაბრეშუმეობის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, შეიძინა უამრავი სახელმძრვანელო და შეიძინა ფუტკრების 2 ოჯახი. ასე დაიწყო ცინცაძეების ოჯახში მეფუტკრეობა. გულმოდგინე შრომით პირველივე წელს 8 ოჯახი მიიღეს, ხოლო 3 წელიწადში უკვე 100 ოჯახი ჰყავდათ. ზაზა ამ დროს სტუდენტი იყო. არდადეგებზე მამას დაუღალავად ეხმარებოდა, სწავლობდა და თანდათან ეს საქმიანობა ოჯახურ ბიზნესად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებდა, მისი რელიზაციას ვერ ახერხებდნენ. ბიდონებში ჩასხმული თაფლი, ზოგჯერ 2-3 წელი ჰქონდათ შენახული. ზაზა დაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება თაფლისთვის სასაქონლო სახე მიეცა. საჭირო იყო საკვების უსაფრთხოების სტანდარტიც, რომ პროდუქცია მაღაზიის დახლებზე მოხვედრილიყო. ზაზას მრავალი პროცედურა უნდა გაევლო. საბოლოოდ ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო და ზაზა სათავეში ჩაუდგა ოჯახურ ბიზნესს. „აწარმოე საქართველოს“ საგრანტო პროგრამაში წარმატების შემდეგ, შეიძინა დამატებით 30 ოჯახი, თაფლის წარმოებისთვის საჭირო ინვენტარი და დაიწყო ზრუნვა HACCP სტანდარტის დანერგვაზე. პარალელურად ზაზამ თავდაუზოგავად იმუშავა საწარმოს უვადო აღიარების სერტიფიცირებაზე და დღეს უკვე აწარმოებს თაფლს, რომელიც აკმაყოფილებს ქვეყანაში მოთხოვნილ ყველა სტანდარტს. პროდუქციას სასაქონლო სახე აქვს - დაფასოებული და ეტიკეტირებულია. გზა გაიხსნა რეალიზაციისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა უკვე 15 წელია ამ საქმიანობითაა დაკავებული, მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე, ეცნობა სიახლეებს, ცდილობს საკუთარი პროდუქცია კიდევ უფრო მიმზიდველი და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული გახადოს.

ზაზა ცინცაძის მეფუტკრეობაში იწარმოება 3 სახეობის თაფლი: აკაციის, წაბლისა და პოლიფლორული. თაფლი დაფასოებულია მინის 100მლ. – 150გრ., 200მლ. – 300გრ., და 720მლ. – 1000გრ. ქილებში. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში. ზაზა ცინცაძის თაფლი იყიდება ქსელურ მარკეტებში „დელი“ ბათუმსა და ქუთაისში, დაახლოებით 35 ლოკაციაზე. შესაძლებელია თაფლის ონლაინ შეკვეთა და მომხმარებლისთვის მიწოდება. ადგილზე სტუმრობისას, სპეციალურად მოწყობილ სადეგსუტაციო სივრცეში ზაზა მომხმარებლებს სთავაზობს დეგუსტაციას. ზაზა ცინცაძე ფესტივალებისა და გამოფენების აქტიური მონაწილეა.

მის: ჩოხატაური სოფ. ზემო ფარცხმა; მობ: +995 599190 159; e-mail: zaza.vzu@gmail.com

bottom of page