top of page

თანდილას ღვინო

ღვინო

გურია

გურია

„თანდილას ღვინო“, „ფოლკ-ტური გურია“

ავთო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხვარეთში ცხოვრობს და საქმიანობს. სულით ხორცამდე ახალგაზრდა გურული კაცი, პროფესიით მომღერალ-მგალობელია. მთელი მისი ცხოვრება გურულ და ზოგადად ქართულ ფოლკლორს უკავშირდება და რა გასაკვირა, რომ საკუთარი ბიზნესიც მას დაუკავშირა. ავთოს ფოლკლორული ტურების იდეა მისმა მეგობარმა მიაწოდა - ოჯახის დიდი სახლი და კარ-მიდამო კარგი შესაძლებლობა იყო მასპინძლობა გაეწია ფოლკლორით დაინეტერესებული სტუმრებისთვის. ავთომ, პირველი სტუმრები, პანდემიამდე ერთი წლით ადრე, ავსტრიიდან მიიღო. გაუმასპინძლდა, როგორც გურულებისა და მისი ოჯახის ტრადიცია იყო, შეასწავლა რამდენიმე გურული საგალობელი და სიმღერა, დაათვალიერებინა გურია და მისდაუნებურად ტრადიციული კერძების მასტერკლასებიც მოუწყო. აღფრთოვანებულმა სტუმრებმა ავთოს მომსახურებას რეკომენდაცია გაუწიეს და ასე დაიწყო ფოლკ-ტურით დაინტერესებული ტურისტების უწყვეტი ნაკადი. ავთოს თქმით, განსაკუთრებული მის სასტუმროში არაფერია, არც ვარსკვლავების მფლობელია, მაგრამ ის, რაც ტურისტებს ხიბლავს, არის ოჯახური სითბო და სტუმრის გამასპინძლების გულწრფელი სიხარული, ამასთან უნიკალური გურული ფოლკლორისა და გურიის სრული კულტურული ცხოვრების გაცნობა, სხვადასხვა ლანდშაფტური ტურები და რომ იტყვიან, „თმის ღერიდან ტერფებამდე“, 5-7 დღეში, გურიის ყოფის, ტრადიციისა და ბუნების გაცნობა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ წამოწყებული ბიზნესი შეაფერხა, ბოლო ორი წელიწადია არ წყდება ჯგუფების ვიზიტი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, ავსტრალიიდან, ავსტრიიდან. ავთოს ადგილობრივი ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ. ვენახის გაშენება გულწფელი სიყვარულით დაიწყო. მაშინ როდესაც რეპეტიციების დროს ვერაფერზე ფიქრობს, ვენახი პირიქით, ფიქრის ინსპირატორია. ავთოს მიაჩნია, რომ ყველა მტერი, სწორედ იმიტომ ებრძოდა ვენახს, რომ ქართველი კაცისთვის ფიქრისა და აზროვნების უნარი წაერთმია. 2014 წელს ანდრო ვასალომიძის ვაჟმა გიორგიმ, რომელიც ამავდროულად ავთოს ლექტორიც იყო, ვენახის გაშენების იდეა მიაწოდა. მანამდე თურქიების ოჯახში მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიცია არ იყო. 2015 წელს ავთომ, საკუთარ ეზოში, პირველი ვენახი გააშენა 80 ძირი ცოლიკოურით. ეზო ხელით დაბარა, დარგო, მოუარა და მომდევნო წელს მოსავალიც მიიღო. 2020 წლეს საკმიელა გააშენა და დღეს მის ეზოში 200 ძირი ცოლიკოურისა და საკმილას ვენახი აქვს გახარებული, 400 ძირი საკმიელა კი, საცოლის მიწებზე გააშენა. ავთო ვენახებს სრულად ბიოწესით უვლის, არ ხმარობს სინთეზურ სასუქებს, სისტემურ წამლებს, ყოველდღიურად ღიღინ-ღიღინით შრომობს ვენახში და აყენებს „თანდილას ღვინოს“ - ცოლიკოურისა და საკმიელას ჯიშის ყურძნისგან. საკუთარი დაკვირვებით, თვითგანათლებით და სწორ ადამმიანებთან ურთიერთობით ავთო კარგ მევენახედ იქცა. მიაჩნია, რომ მევენახეობა-მეღვინეობამ, ერთიან წრედ შეკრა მისი სერვისი და დღეს სტუმრებისთვის გურული ღვინის ტურების შეთავაზებაც შეუძლია.

„თანდილას ღვინის“ დაგემოვნება და შეძენა შესაძლებელია ადგილზე, შეკვეთა შესაძლებელია მაისი-სექტემბრის პერიოდში-ავთო უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დღეისათვის, ლიმიტირებული რაოდენობის გამო, შეკვეთები შეზღუდულია სექტემბერ-მარტის პერიოდში, სექტემბერ-ოქტობმერში ღვინო ხელმისაწვდომია მხოლოდ ავთოს სტუმრებისთვის.

მის: ლანჩხუთი, სოფ. მაჩხვარეთი, სამების ქ. მე-2 ჩიხი მობ: +995 595 121 364; e-mail: avto.turkia@gmail.com

bottom of page