top of page

ირინა კონდრატიევა

სასტუმრო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ირინა კონდრატიევას სასტუმრო სახლი მდებარეობს ლენტეხის ცენტრში, ქვედა სვანეთის რეგიონში. ეს არის 100 წლის ისტორიის მქონე სახლის მე-2 სართულზე მოწყობილი კომფორტული საოჯახო სასტუმრო 3 საძინებლით და სველი წერტილით, WI FI წვდომით, ხელმისაწვდომი ფასებით და კარგი მასპინძლებით. სასტუმროდან იშლება ლენტეხის მთების და შერეული ტყეების ხედები, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია მაისსა და ოქტომბერში. მთის მდინარის (ცხენისწყალი) ჩუხჩუხი ღამის სიჩუმეში შთამბეჭდავია და ამავდროულად უშფოთველობის განცდას იწვევს, თითქოს მდინარე ფხიზლობს, რომ თქვენ მშვიდად იძინოთ. მასპინძლი - ირინა კონდრატიევა ეთნიკურად უკრაინელია, რომელიც ლენტეხში უკვე მე-3 თაობაა. მისი უკრაინელი ბებია-ბაბუის ისტორია ტრაგიკულიცაა და რომანტიულიც. 1932-33 წლების „ჰოლოდომორის“ ტრაგედიის დროს ირინას ბებიის უმცროსი და მშობლებმა „ნახევრადშეჭმული“ იპოვნეს და გადაწყვიტეს, არცთუ უსაფრთხო გზით, უფროსი ქალიშვილი, ირინას ბებია უკრაინიდან საქართველოში გამოეგზავნათ, სადაც შორეული ნათესავი ჰყავდათ. იმავე მიზეზით ირინას ბაბუა გაარიდეს მშობლებმა უკრაინას და ბედისწერამ ისიც თბილისში ჩამოიყვანა. სწორედ აქ შეხვდნენ ერთმანეთს ირინას ბებია და ბაბუა. დაქორწინდნენ და და დაიწყეს ხანგრძლივი მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში, რომ ეპოვნათ დასამკვიდრებელი ადგილი. ასე მოხვდა კონდრატიევების ოჯახი ლენტეხში. გასაოცრად მშრომელი ხალხი ყოფილა, ირინას ბაბუას მთელი ლენტეხი სცემდა პატივს. მესაქონლეობით ყოფილა დაკავებული, ბებია კი კარგი დიასახლისი იყო. თვითონ „უსწავლელებმა“ ყველა შვილს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს. შემდეგ შვილები დაოჯახდნენ და დღეს პირველი კონდრატიევების სახლში მათ შვილიშვილს, ირინას, სასტუმრო აქვს მოწყობილი. თავად ირინასაც არ ქონია მარტივი ცხოვრება, არ გაუმართლა და დღეს ორ შვილს მარტო ზრდის. ირინას სხეულში ორი მებრძოლი ერის: უკარინელისა და ქართველის სისხლი მოძრაობს, ორი სტუმართმოყვარე ერის - უკრაინელისა და ქართველის მასპინძლობა მძლავრობს, ორი მშრომელი ერის - უკრაინელისა და ქართველის შეუპოვრობა და დაუზარებლობა სჭარბობს უიმედობასა და პესიმიზმს. ის ერთ-ერთი საუკეთესო მასპინძელია ქვემო სვანეთში, რომელიც სტუმრებს, გარდა კეთილგანწყობისა, სთავაზობს სვანური კერძებით გაწყობილ ტრადიციულ სუფრას, სხვადასხვა სიურპრიზებსა და რაც მთავარია ყოველთვის გამოხატავს გულწრფელ მადლიერებას მასთან სტუმრობისთვის.
ირინა კონდრატიევას სასტუმრო კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება ტურისტისთვის მორგებული ფასისა და ხარისხის შერწყმა 100 წლიანი ისტორიის მქონე სახლში.
მძიმე კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ირინა თავს იკავებს ზამთრის პერიოდში სტუმრების მიღებისგან.

მის: სტალინის ქ. 40; ლენტეხი, ქვემო სვანეთი; მობ.: (+995) 599 194 106; e-mail: cdmlentekhi@gmail.com

bottom of page