კახური სამასპინძლო
ტრადიციული სამზარეულო, მასტერკლასები
კახეთი

ზაზა ბურჯანაძის ოჯახი საგარეჯოში ცნობილი იყო როგორც მუსიკოსების ოჯახი. პაპა, ანზორ ბურჯანაძე, საგარეჯოს ფოლკლორული ანსამბლის "გარეჯი" ლოტბარი და მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელი გახლდათ, მისი მეუღლე და შვილი კი მუსიკალური სკოლის პედაგოგები. ოჯახი კახური ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო. მთელმა საგარეჯომ იცოდა, რომ ბურჯანაძეებში განსაკუთრებული ლხინი იცოდნენ. დედის გასაოცარი ოსტატობით მომზადებული კახური ტრადიციული კერძები, პაპისა და მისი მეგობრების კახური „მრავალჟამიერი“, ბებიის „ურმული“ და პაპის/მამის „თამადობა“ სტუმარს არ ეთმობოდა. პაპის - ანზორ ბურჯანაძის აშენებულ მარანში დაყენებული ქვევრის ღვინო კი კახურ სუფრას დღესასწაულად აქცევდა. ამდენად, ბურჯანძეების ოჯახში სტუმრის გამასპინძლება კახური ტრადიციების გაზიარების შესაძლებლობას წარმოადგენდა. სწორედ ეს გახდა ზაზას ბიზნეს-იდეის წყარო - ის რაც ასე ხიბლავდა ადგილობრივებს, კიდევ უფრო დიდ მოწონებას დაიმსახურებდა უცხოელ ვიზიტორებში. ზაზამ 2017 წლიდან დაიწყო უცხოელი სტუმრების მიღება, რაც პირველივე ჯერზე წარმატებული აღმოჩნდა - კახეთის დასათვალიერებლად წასული ტურისტები უკანა გზაზე კვლავ ზაზას ესტუმრნენ. მას შემდეგ ოჯახი, რომელიც 6 წევრისგან შედგება, საკუთარი ძალებით აგრძელებს სტუმრების მიღებას და გასტრო-ტურიზმის ერთ-ერთ გამორჩეულ მიმწოდებლად ითვლება. ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ ღვინის ქვევრში დაყენების კახურ ტრადიციას, დააგემოვნონ ტრადიციული კახური კერძები კახურ სუფრასთან, მონაწილეობა მიიღონ მათ მომზადებაში (მასტერკლასები), გაეცნონ „თამადის“ ინსტიტუტს, მოისმინონ განუმეორებელი კახური სიმღერები, მოირგონ ტრადიციული ქართული სამოსი და დააგემოვნონ ოჯახის ღვინო „ანაბეჭდი“.
საწყის ეტაპზე ოჯახი ბოთლის ღვინოს არ აწარმოებდა. თუმცა სტუმრების უმეტესობას სწორედ ბოთლში ჩამოსხმული ღვინის შეძენა სურდა, რათა შემდგომ მისი თავიანთ ქვეყნებში ტრანსპორტირება შეძლებოდათ. ამიტომ 2019 წლიდან ზაზამ დაიწყო საკუთარი ქვევრის ღვინის - რქაწითელისა და საფერავის ბოთლებში ჩამოსხმა. ამ ეტაპზე ბურჯანაძეების ღვინის მარანი სტუმრებს ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ბოთლის ღვინოებს სთავაზობს. თავდაპირველად ღვინოს „მარნის თვალი“ ერქვა, მოგვიანებით კი „ანაბეჭდი“. სახელმწოდება „ანაბეჭდი“ უკავშირდება ღვინის ეტიკეტზე ოჯახის ექვსივე წევრის თითის ანაბეჭდების გამოსახულებას, რაც სიმბოლოა იმისა, რომ თითოეულ წევრს თავისი წვლილი შეაქვს საოჯახო ბიზნესის განვითარებაში.
სერტიფიცირებული პროდუქტი: კახური სამასპინძლო - გასტრო-ტურისტული მომსახურება;
სეზონურობა: მთელი წლის განმავლობაში
მის.: საგარეჯო, დოდაშვილის ქ, 37; მობ.: +995 557 584 909 e-mail: burjanadzezaza@gmail.com