top of page

კომლი

ჩაი

გურია

გურია

ლიკა მეგრელაძე
„კომლი“

კომლი სოფლად მცხოვრებ ოჯახს ნიშნავს და მისი სახელი საკვამურიდან ამოსულ კვამლს უკავშირდება. თუ ცეცხლი ანთია, სახლი ცოცხალია. ლიკა მეგრელაძის “კომლი” ტიპური გურული საოჯახო მეურნეობაა: 150 წლის კარ-მიდამო, უნიკალური გურული ჯიშების ვენახი (გურული მტევანდიდი, საკმიელა, კამური, რცხილათუბანი და ბადაგი), ავთენტური სამზარეულო, ჩაის და ბამბუკის ბაღები. აქ გურული ყოფისა და კულტურისთვის დამახასიათებელ არაერთ ელემენტს შეხვდებით: ქვისგან გამოკვეთილი ტრადიციული გურული კეცი, რომელზეც მჭადი და გურული ღვეზელი ცხვებოდა, ქვის ჩამური, რომელიც ტრადიციულად ბურღულეულის საცეხვად გამოიყენებოდა, ჭარიკა, უძველესი მარნის ნაშთები ჭურებით და მრავალი სხვა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ლიკას “კომლი” სიცოცხლით სავსეა და აქ უძველესი ტრადიციები და ძველი ოჯახური ამბები ცოცხლდებიან.

თავის სტუმრებს „კომლი“ ღამისთევისთვის უჩვეულო „დიოგენეს კასრებს“ და „ნალიას“ სთავაზობს. აქ სტუმრებს „ბოსტნიდან პირდაპირ მაგიდაზე“ პრინციპით უმასპინძლდებიან კომლში მოყვანილი ორგანული ბოსტნეულით დამზადებული ტრადიციული გურული კერძებით, ღვინის და ჩაის დეგუსტაციით. მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გურული სამზარეულოს, ჩაის და ღვინის წარმოების მასტერკლასებში, მოისმინონ როგორც ჩაის წარმოების ისტორია და მისი დამზადების ტრადიციული მეთოდების შესახებ, ისე საარქივო მასალით გამყარებული ოჯახის ძველი ამბები, რომლებიც IXX-XX საუკუნეების ქარტეხილებს ეხმიანება. რაც მთავარია, კომლის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიცნონ ტკბილი, მხიარული, გურულ ტრადიციებზე უზომოდ შეყვარებული სამი თაობის მასპინძელი ქალები.

„კომლის" მართვასა და განვითარებაში ლიკას დედა, მეუღლე და ორი ქალიშვილი ეხმარებიან, რომლებიც ახალი იდეების მუდმივი გაზიარებით ამდიდრებენ საოჯახო მეურნეობას. ყველაზე დიდ მიღწევად კი ლიკა „კომლის“ მაგალითზე გამოცოცხლებულ სოციალურ გარემოს და გურულ ახალგაზრდებს შორის შეძენილ თანამოაზრეებს მიიჩნევს, რომლებიც თავადაც ვითარდებიან, ერთმანეთს მხარში უდგანან, აძლიერებენ, ხშირად იკრიბებიან და რეგიონის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ერთად მსჯელობენ.

რაც მთავარია, „კომლის“ ყველა წევრისთვის გარემოს დაცვა უალტერნატივო პრინციპია, რასაც მშენებარე „ეკოსახლი“ და სეპტიკური ჭაც ადასტურებს, რაც მეტად იშვიათია საქართველოში. „კომლი“ ცოცხალია! მისი უწყვეტობის გამგრძელებლები დღეს ლიკა მეგრელაძე და მისი შთამომავლები არიან.

მის: ოზურგეთი, სოფ. წითელმთა; მობ: +995 599 260 402; e-mail: komligeorgia@gmail.com; alubloba@gmail.com

bottom of page