მზევრინარ ლიპარტელიანი
ტრადიციული ხელობა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ქვემო სვანეთის ერთ ერთი ლამაზი ხეობის სოფელ წანაში ცხოვრობს უძველესი სვანური ტრადიციული ხელობის - სვანური ქუდის ოსტატი, მზევინარ ლიპარტელიანი. „სვანური ქუდი“ სვანი კაცის ავთენტურობის ერთ-ერთი ნიშანია და ის არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც უბრალო თავსაბურავი. ის სვანი მამაკცის ვაჟკაცობის, სინდის-ნამუსის, ერთგულების, ღვთისმოშიშობისა და სიმტკიცის სარკეა. ძველად, თუ ვაჟკაცი, რაიმე მიუღებელ ქმედებას ჩაიდენდა, მასზე იტყოდნენ მისი ქუდი მიწას დაენარცხოსო; ხოლო სახელოვანი საქმის გამკეთებელზე - ოქროს ქუდი ხურავსო, ამდენად ქუდი სვანი კაცის ცნობიერებაში სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს, ამიტომ სვანური ქუდის დახურვა ქალს ეკრძალება. დღეს ახალგაზრდა თაობამ დაკარგა ინტერესი ტრადიციული ხელსაქმისადმი და შესაბამისად ქუდის დამზადების შრომატევადი საქმიანობით თითო ოროლა ოჯახშიღა არიან ოსტატები შემორჩენილნი. არა და, „სვანური ქუდის“ დამზადება, ძველად, ყველა ქალმა იცოდა, ეს აუცილებელი მოთხოვნა იყო. მზევინარი სწორედ იმ უმცირესობას მიეკუთვნება, რომელმაც დღემდე შემოინახა ბავშვობაში დედისგან ნასწავლი ხელობა. საბჭოთა პერიოდში, ლენტეხში, არსებობდა ე.წ. „წარმოება“, სადაც ადგილობრივი ქალები, ადგილობრივი მატყლით ამზადებდნენ სვანურ ქუდებს. მათ გეგმა ჰქონდათ: 30-35 ქუდი უნდა დაემზადებინა თითო ქალს. ხშირად ქალებს სამუშაო ოჯახში მოჰქონდათ და იხმარდნენ შვილებს, სწორედ ასე ისწავლა მზევინარმა ქუდის დამზადება: მატყლის ჩეჩვიდან საბოლოო შემოკერებამდე. დიდი ხნის მანძილზე მზევინარი სულ სხვა საქმიანობით იყო დაკავებული. 5-6 წლის წინ, როდესაც ეკონომიურად ძალიან გაუჭირდათ, გაახსენდა დედისგან ნასწავლი ხელობა, ამას ისიც დაემატა, რომ ხეობაში აღარავინ იყო დარჩენილი ვინც ამ უძველეს ტექნოლოგიას და „სვანური ქუდის“ საიდუმლოს ფლობდა. საიდუმლო კი ასეთია: კარგ ქუდად ითვლება ის ქუდი, რომელიც მკვრივია, თუ წყალს ჩაასხამ და ის კარგად არის მოზელილ/შეკეთებული წყალს არ გაატარებს, ხოლო არაყს ადვილად ატარებს. ქუდი ძირითადად რუხი ფერისაა, რომელიც თეთრი და რუხი ფერის მატყლის ერთობლივად მოთელვით მიიღება. ბავშვებისთვის თეთრ ქუდს აკეთებენ. მზევინარს დღეს მასალის შეძენა რეგიონის გარეთ უწევს, რადგან ცხვარი რეგიონში აღარავის ჰყავს. საშუალოდ დღეში 2 ქუდის დამზადება შეუძლია, თუმცა ზამთრის პერიოდში ესეც გართულებულია.
ქუდების შეძენა შესაძლებელია შეკვეთით, ოსტატი დამზადებულ ქუდებს ადგილზე მოგაწვდით. ასევე შეიძლება მასთან პირადად სტუმრობა და ამ საოცარი ქუდის დამზადების საკმაოდ შრომატევადი და „ზუსტი“ ტექნოლოგიის ადგილზე გაცნობა.
მის. სოფელი წანაში, ლენტეხი, ქვემო სვანეთი; მობ.: (+995) 596 106 048;