მხატვრის სახლი
ტრადიციული ხელობა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

თემურ და ელენე გუგეშაშვილები - სასტუმრო "მხატვრის სახლი".
საოჯახო სასტუმრო "მხატვრის სახლი" მდებარეობს რაჭაში, ონის ცენტრში, ტყის პირას, წყნარ და მყუდრო ადგილას, საოჯახო სასტუმრო გამოირჩევა ინტერიერით, რომელიც, გაფორმებულია მასპინძლის მიერ გამზადებული ქართული ტრადიციული ავეჯით და დიასახლისის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრებით, რაც მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის სტუმრებისთვის.
"მხატვრის სახლი" გთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურეობებს. სასტუმროს აქვს 8 კეთილმოწყობილი ნომერი. 2 სასადილო ოთახი ბუხრებით, მისაღები ოთახი, მარანი ქვევრებით, გალერეა, ქვების კოლექცია და სახელოსნო არტ-მასტერკლასებისთვის. სასტუმროში რაჭის ულამაზესი ბუნების დასათვალიერებლად და აღმოსაჩენად სტუმრებს ასევე სთავაზობენ ტურებს, ჩანჩქერების, ტბების, მყინვარების მღვიმეების და სხვადასხვა ლამაზი ადგილების აღმოსაჩენად. სასტუმროს მომსახურება შეიცავს სამჯერად კვებას ტრადიციული რაჭული და ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით. რაც მთავარია, სტუმრებს დახვდებათ გამორჩეულად თბილი მეგობრული, ოჯახური გარემო მოსიყვარულე დიასახლისითა და ღირსეული ოჯახის უფროსით. სასტუმროში შესაძლებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანების პერსონალური და ჯგუფური გამოფენების ორგანიზება; სასტუმრო „მხატვრის სახლი“ არაჩვეულებრივი გარემოა, არა მარტო დასვენებისთვის, არამედ წვეულებების და საღამოების მოსაწყობად, როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში სეზონის შესაბამისად. ეს არის ადგილი, სადაც მაქსიმალურად ითვალისწინებენ სტუმრის სურვილსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს.
ხეში გაცოცხლებული ტრადიცია
თემურ გუგეშაშვილი, თავის მეუღლესთან, ელენესთან ერთად სასტუმრო „მხატვრის სახლის“ სულის ჩამდგმელია. ეს უბრალოდ ფრაზა არ არის, იქ მისული სტუმარი ნამდვილად იგრძნობს მისტიურ სამყაროს - სამყაროს, სადაც ყველაფერი სულიერია: არაჩვეულებრივი ფერწერული ტილოები თუ ფოტოები, ავეჯი თუ ფარდაგები, ოთახები თუ ვერანდა/აივნები, ეზო თუ შენობები, უბრალო ქვაც კი სუნთქავს და ხარობს უსაფრთხო, თავისუფალი გარემოთი. მიუხედავად იმისა, რომ შენობა-ნაგებობები კარგა ხნის დასრულებულია, ოჯახი პერიოდულად აანახლებს, ცვლის ექსტერიერ/ინტერიერს, ეზოს დეკორაციებს, როგორც ეს ცოცხალს შეეფერება, სწორედ ამიტომაა, რომ „მხატვრის სახლი“ ყოველთვის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მაგიას.
ნათქვამია, რომ ყველა თავად ქმნის საკუთარ სამყაროს... თემურის ბაბუის ძმა ხის ცნობილი ოსტატი იყო, მისი წინაპრებიც ოსტატები ყოფილან და თემურიც ამ გარემოში იზრდებოდა. 1968 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, 14 წლის თემურიმ სწავლა დაიწყო ინდუსტრიულ სასწავლებელში, ხის დამუშავების განხრით, შემდეგ პუშკინის საინჟინრო ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ გაიწვიეს ჯარში. ეტყობა ბედისწერა იყო, რომ იქაც ხის გერმანულ საამქროში გაანაწილეს სამუშაოდ. გერმანელებთან მუშაობამ ასწავლა სიზუსტე და ხარისხზე ორიენტირება. 1973 წელს დაბრუნდა გერმანიიდან და მუშაობა დაიწყო ხის მხატვრული დამუშავების პედაგოგად. გაირა ცხოვრების სხვადსხვა ეტაპი: ტკივილებითა თუ სიხარულებით, წარმატებებითა თუ უიმედობით, ზოგჯერ სრულიად არ ესმოდათ მისი და ერიდებოდნენ, ზოგჯერ „აღმერთებდნენ“. 2008 წელს გადაწყვიტა დაბრუნებულიყო ონში და შეექმნა ის ჯადოსნური სამყარო, რომელსაც სულ ხედავდა თავის წარმოდგენებში, სამყარო სადაც მუდამ ისეთი მასპინძეილი იქნებოდა, რომელიც მშვენიერებას, სიყვარულს, სითბოს გაუზიარებდა სტუმარს.
საოცრად რთული და შრომატევადი აღმოჩნდა ამ სამყაროს შენება, მაგრამ მას გვერდით ხომ ელენე ჰყავდა, ქალი რომელიც ზუსტად ისე გრძნობდა და ხედავდა როგორც თემური, ელენე - უნიჭიერესი ხელოვანი და უსაზღვრო სიკეთის მატარებელი.
გადიოდა დღეები. ხისგან ისე „იწერებოდა“ ისტორია, თითქოს საჭრეთელისა და ფუნჯების ნაცვლად „ჯადოსნური ჯოხი“ ჰქონდათ. ცოცხლდებოდა მივიწყებული ჩუქურთმები, ავეჯი, ჭვირული აივნები, კედლები, მარანი, ხის ჭურჭელი, სურსათის შესანახი სკივრები, ეზო. ცოცხლდებოდა ისე თითქოს, თემურისა და ელენეს დღისით შექმნილ მშვენიერებას, ღამ-ღამობით ოლიმპოს ღმერთები შათბერავდნენ სულს.
თემურისა და ელენეს ვაჟი, ნიკაც ხელოვანია, განა გასაკვირია?! ფოტოგრაფი, რომელსაც შეუძლია დაიჭიროს და საკუთარ ფოტოებში აღბეჭდოს რაჭის ბუნების სუნთქვა. სიამოვნებს, როცა სხვებიც მიჰყავს იმ ზღაპრულ ადგილებში, იქ საიდანაც დაბრუნებულებს თამად შეეძლებათ თქვან:
„მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა“
მის.: ონი, ქაფიანიძის ქუჩა 18.
მობ. (+995) 599 231 722; (+995) 593 660 884;
e-mail: nikagugeshashvili@gmail.com
FB: https://www.facebook.com/hotelinoni/