სალუქვაძეების წისქვილი
ტრადიციული ისტორიული "ტექნოლოგიები"
გურია

ეკა სალუქვაძე
„გურული ფაცხა დოლაბი“
ეკა სალუქვაძემ საკუთარ სოფელში, ლიხაურში, 150 წლის წინანდელი წყლის წისქვილი აღადგინა, რომელიც მის დიდ ბაბუას, პლატონ სულაქველიძეს ეკუთვნოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, კომუნისტურმა ხელისუფლებამ ოჯახს წისქვილი ჩამოართვა, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, ეკას მამამ და ბიძამ წისქვილი დაიბრუნეს, ხოლო ეკას დედამ მისი ამუშავება ითავა. ეკა ბავშვობიდანვე ეხმარებოდა დედას წისქვილში, დაკვირვებით სწავლობდა მთელს პროცესს, წისქვილის მოვლას და მუშა მდგომარეობაში მისი შენარჩუნებისთვის საჭირო ღონისძიებებს. თანასოფლელებს უკვირდათ, რა უნდათ ქალებს წისქვილშიო, მაგრამ სალუქვაძეების 4 ქალიშვილი შრომას არ თაკილობდნენ და საოჯახო თუ სამეურნეო საქმეებში მშობლებს მუდამ გვერდით ედგნენ. სამწუხაროდ ეკას მამის გარდაცვალების შემდეგ, დედამ ვეღარ შეძლო წისქვილში მუშაობა და მისი კარი გამოიკეტა. ეკა მუდმივად ფიქრობდა წისქვილის ამუშავებაზე. ერთის მხრივ, მის სოფელში ამის დიდი საჭიროება იყო, მოსახლეობას საკუთარი სიმინდის დასაფქვავად ოზურგეთში უწევდა წასვლა, მეორეს მხრივ, ბავშვობიდანვე ჰქონდა გათავისებული, რომ მეწისქვილეობა მისი წინაპრების საქმიანობა იყო და ამ გზით მათთან კავშირის შენარჩუნებას მოახერხებდა, რომ აღარფერი ვთქვათ წყლის წისქვილზე დაფქვილი ფქვილის ხარისხზე - აქ დოლაბის ქვები შედარებით ნელა ტრიალებს, საფქვავს არ ახურებს და ფქვილი ინარჩუნებს ბუნებრივ გემოს. სამი შვილის დედას უამრავი საზრუნავი ჰქონდა, საოჯახო მეურნეობასაც თავად უვლიდა, იყო მეფუტკრე და ახალი შრომის დამატება „სიგიჟეს“ ჰგავდა. მაგრამ ბავშვობიდან უზომოდ შრომისმოყვარეს ჯაფა ვერ შეაშინებდა. ეკამ მეწისქვილის სტატუსი მშვენივრად მოირგო და დღეს სალუქვაძეების წისქვილი მხოლოდ სოფლის მოსახლეობისთვის სიმინდის დაფქვის შესაძლებლობა კი არა, საინტერესო ტურისტული ობიექტია, სადაც სტუმარს შეუძლია დაათვლიეროს გარემო, დააკვირდეს დაფქვის პროცესს, მოუსმინოს დოლაბის ქვების სიმფონიას, ადგილობრივებისთვის წიქვილში მოწყობილია კომფორტული გარემო, არის ბიბლიოთეკაც - დასაფქვქვად მისულ ფერმერს, შეუძლია ლოდინის დრო საინტერესოდ გაატაროს.
ენერგიულსა და ხალისიან ეკას უამრავი იდეა აქვს. მეწისქვილეობას მოჰყვა მასპინძლობა და წისქვილიდან 100 მეტრში, საკუთარ ეზო-კარში მოაწყო „გურული ფაცხა დოლაბი“, რომელიც სტუმრებს, საკუთარ მეურნეობაში მოწეული პროდუქტებით დამზადებული, ტრადიციული გურული კერძებით გამასპინძლებას და მასტერკლასებს სთავაზობს. ფაცხა, ასევე 150 წლიანი, ნალიის ქვეშაა მოწყობილი, იქვეა საცეცხლე ქვის კეცებით. სტუმრისთვის ეს აგროტურისტული სივრცე წისქვილში მიღებული სიამოვნების ემოციური გაგრძელებაა. ბოლოს, სტუმრობის ერთი უჩვეულო დღე, სალუქვაძეების სიმღერით გვირგვინდება - ოჯახის ყველა წვერი მღერის და საკუთარ ხალისს უზიარებს სტუმრებს.
მის: ოზურგეთი, სოფ. ლიხაური; მობ: +995 511 184 591; e-mail: Ekasaluqvadze9@gmail.com