სასტუმრო "ტყის სიზმარი"
სასტუმრო
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

„ტყის სიზმარი.“
ლეჩხუმში, ცაგერიდან 2 კილომეტრში მდ. ცხენისწყლის ნაპირზე გაშენებულია ულამაზესი სოფელი დოღურაში. სოფელს თავს გადმომდგარი მთები დარაჯობენ. სახლები თითქმის არ ჩანს, რადგან ტყეშია ჩაფლული. „მწვანე თეატრიდან“ რომ გადაუხვევთ, თითქოს ზღაპისეულ იდუმალ სამყაროში ხვდებით, არ იცით რით დასრულდება თქვენი მოგზაურობა. გზადაგზა ძველი, მიტოვებული, უსიცოცხლო სახლები გვხდებათ, რომლებიც შფოთვას უფროი წვევენ, ვიდრე სიბრალურს. მიუხედავად მოკლე მანძილისა, გგონიათ, რომ გზა აგებნათ, უკვე მთელი დღეა მიდიხართ და... უცებ ხეებს შორის გამჭოლად ჩამომავალ მზის სხივს ქალწულის სილუეტი გამოეყოფა: ოქროსფერი კულულები უხვად აყრია მხრებზე, თვალები უციმციმებს, სიკეთით სავსე ღიმილით გეგებებათ და მის სამფლობელოში გეპატიჟებათ. ეს „ტყის სიზმრის“ დიასახლისია - ელენი. მაშინვე მშვიდდებით, ბეჭებში იმართებით, რომ ხარბად ჩაისუნთქოთ მრავალფეროვანი მცენარეების არომატით შეზავებული ჰაერი და იწყებთ მასპინძლის მოსმენას: „ყოველთვის მინდოდა რამე განსაკუთრებული შემექმნა, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემდა ბუნებასთან სიახლოვე ეგრძნოთ. “ტყის სიზმარი - Forest Dream” არის სახლი, რომელიც აერთიანებს ძველი ქართული (კოლხური ტიპის) საცხოვრისსა და თანამედროვე კომფორტული სახლის არქიტექტურულ ელემენტებს. სახლი მთლიანად ხისაა - ქვედა ნაწილი 100 წლის ისტორიის მქონე სვანური სახლის მასალითაა აშენებული. მთავარი საოცრება - ბუხარი, ძველი ისტორიული მოჩუქურთმებული ქვებითაა ნაშენი, აივანიც მოჩუქურთმებულ ხეშია ტრადიციული სვანური ორნამენტებით. ვეცადე ყველა დეტალში რაღაც ისტორიული სიმბოლიკა ჩამედო, რაც საბოლოოდ ყველაზე ძველის ყველაზე ცოცხლად განცდის საშუალებას იძლევა.
,,ტყის სიზმრის” განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება რომ იგი ენერგო დამოუკიდებელია და ელექტრო ენერგიას მზის პანელების საშუალებით გამოიმუშავებს - მზე ხომ დედაა ჩემი. სახლს ირგვლივ ტყე აკრავს და მდინარის სანაპიროს ხედებიც იშლება. საკუთარი პატარა ღელეც ჩამოუდის. დილაობით ჩიტები ჭიკჭიკით ჰყვებიან ამბებს სიკეთესა და სიყვარულზე. გაზფხულზე ყოჩივარდები მორცხვად უმზერენ მოსულ სტუმრებს, მერე თითქოს გათამამდებიან და ირგვლივ სასიამოვნო სურნელს აფრქვევენ. თოვლში თეთრად გადაპენტილ არემარეში, დღე და ღამ ანთებული „ტყის სიზმრის“ ნათურა იმედის ნაპერწკალივით მოსჩანს გაღმა ნაპირიდან და ყველას ეუბნება: აქ ზამთრის სუსხისგან თავის შეფარება შეგიძლიათ, აქ სითბო და სიმყუდროვეა“
მერე ამოისუნთქავს და გკითხავთ - „თქვენ რამდენი ხართ? აქ მხოლოდ 8 ადამიანს შეუძლია დაბინავება.“
მის. სოფ დოღურაში, ცაგერი, ლეჩხუმი; მობ.: (+995) 599 784 707; e-mail: eleni.mushkudiani1@gmail.com