ტაბერნე გურიაში
ტრადიციული სამზარეულო, მასტერკლასები
გურია

„ტაბერნე გურიაში“
ჩხაიძეების ოჯახს, სადაც „ტაბერნე გურიაშია“ განთავსებული დღეს კესო მახარაძე უძღვება. ამ ოჯახის მიმართ კესოს ემოციური დამოკიდებულება 1994 წელს დიწყო, როდესაც ის და ნუგზარ ჩხაიძე დაქორწინდნენ. მძიმე 90-იანი წლები იდგა. ნუგზარს სრულიად სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა წყვილი მეზობელი სოფელ აკეთიდან დაბრუნდა ჩხაიძეების მშობლიურ კერაზე, სოფელ აცანაში. ჩხაიძეების ოჯახი, ნუგზარის ბებია-ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, 30 წელი გამოკეტილი იყო. ამ 30 წლიანი „უპატრონობის“ გამო ოჯახიდან ბევრი უნიკალური ნივთი დაიკარგა, დაზიანდა. ჩხაიძეების ოჯახი გამოირჩეოდა ინტელექტუალური პოტენციალით, კრიტიკული აზროვნებით, ინოვაციურობით და მუდმივად წინააღმდეგობაში იყო ეპოქისთვის დამახასიათებელ სტერეოტიპებთან. სწორედ ასეთები იყვნენ ბესარიონ და ჟოჟი ჩხაიძეები - ოჯახის ბებია-ბაბუა. 150 წელზე მეტი ასაკის გურული „ქუხნა-სახლში“, რომელიც ახლაც დგას, დიდმა ბაბუამ ივლანემ ააშენა და აქ მეუღლე მართასთან და 8 შვილთან ერთად ცხოვრობდა. ბესარიონი ამ 8 შვილიდან ნაბოლარა იყო. დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის გიმნაზია, თავისუფლად ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს, იყო მეწარმე - იმერეთიდან აჭარამდე რკინიგზის მონაკვეთის მიმდებარედ ფლობდა სავაჭრო ობიექტებს. იყო 5 ომის მონაწილე - პირველ მსოფლიო ომის, ავსტრიის ფრონტზე ცნობილი ბრუსილოვის გარღვევის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების (1918-1921), ბათუმისათვის ბრძოლის (1921) და 1924 წლის აჯანყების. 1937-1954წწ. ბესარიონ ჩხაიძე საბჭოთა ხელისუფლებამ ციმბირში გადაასახლა. მისი, როგორც გამორჩეული გურულის ისტორია, დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. გადასახლების წლებში ოჯახის გაძღოლა ჟოჟი ბებომ ითავა და შეინარჩუნა კიდეც. მეუღლის, ნუგზარის, გარდაცვალების შემდეგ, კესოს ინსპირაცის წყაროდ, სწორედ ბესარიონისა და ჟოჟის ცხოვრება იქცა და ბიძგი მისცა „ტაბერნე გურიის“ ბიზნეს-იდეის განხორციელებას. კესომ ჩხაიძეების ოჯახური ისტორია, შემორჩენილი უნიკალური ნივთები და გურული კერძების უძველესი რეცეპტების ჩანაწერები ერთ საინტერესო და კომპლექსურ ტურისტულ პროდუქტად შეფუთა და დაიწყო ტურისტების მიღება. მას ამ საქმიანობაში ორი ქალიშვილი ეხმარებოდა. სირთულეებს აწყდებოდა, მაგრამ უკან არ იხევდა, პესიმიზმის დროს, მტკიცე და უშიშარი ქალის, ჟოჟი ბებოს ყავრჯნისკენ გააპარებდა თვალს, რომელიც ძველი სახლის კართან იყო მიყუდებული და ხვდებოდა, რომ ამ ოჯახის რძლებს უფლება არ ჰქონდათ თავი დაეხარათ სირთულეებისთვის. აუცილებელი იყო ოჯახს შეენახა წინაპრების ისტორია და მათ უკვდასაყოფად სხვებისთვის გაეზიარებინა. ეს ყავარჯენი დღესაც იქაა მიყუდებული, როგორ სიმტკიცის და სიძლიერის სიმბოლო. ოჯახში მესამე თაობის მარტოდ დარჩენილი ქალი - კესო მახარაძე სწორედ, რომ ჩხაიძეების საკადრისად უძღვება ოჯახს. „ტაბერნე გურიაში“ მასთან სტუმრად მისულ ტურისტს სთავაზობს 200 წლიანი ისტორიის მქონე ოჯახის მასპინძლობას: ძველი ავთენტური წესით ტრადიციული გურული კერძების მომზადებას/მასტერკლასებს „ქუხნა-სახლში“, შუა ცეცხლეზე; ოჯახში დაცული ყველა ნივთისა თუ დოკუმენტური მასალის დათვალირებას და ისტორიის მოსმენას, გურული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის გაზიარებას და ღამის თევას. განსკუთრებულია „ტაბერნე გურიაში“-ს „ბრინჯულა“, რომელიც იმდენად ძველი კერძია, რომ დღეს, პრაქტიკულად, არავინ ამზადებს. „ტაბერნე გურიაში“-ს, მასპინძლის, კესო მახარაძის საოცარი სითბო, გულწრფელი სტუმართმოყვარეობა და ჩხაიძეების ოჯახის მიმართ ურყევი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოსულ სტუმარს შანს არ უტოვებს, რომ აქაურობა გამორჩეულად საინტერესო გამოცდილებისა და დასამახსოვრებელი ემოციის გარეშე დატოვოს.
მის: ლანჩხუთი, სოფ. აცანა; მობ: +995 599 923 028; e-mail: keso.makharadze@yahoo.com