ფოლკლორის სახლი
ტრადიციული ხელობა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

ყველაფერი 2013 წელს დაიწყო, როცა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის ინსტიტუტის საეკლესიო მუსიკის და ხალხური სიმღერის ლოტბარმა, მალხაზ ერქვანიძემ თორნიკესთან, ონში, მასტერკლასისთვის უხოელთა პირველი ჯგუფი აიყვანა. 2014 წლიდან თორნიკემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაიწყო გარემოს მოწყობა „ფოლკლორის სახლისთვის“. თანდათან იდეა რელობად იქცა - ქართული საგალობლებითა და ხალხური სიმღერების შესწავლით დაინტერესებული უცხოელებისთვის მოეწყო სასტუმრო 3 ჯერადი კვებით; დაიგეგმა სხვადასხვა ტური: ტრადიციული რაჭული ღვინის მარნების, ლანდშაფტური და კულტურული მეკვიდრეობის ძეგლების მონახულება; მასტერკლასები; ეთნოფორებთან შეხვედრები და მათთან ერთად სიმღერის გამოცდილება; საგალობლების ტექსტებისა და სანოტო რვეულების კომპლექტების მომზადება; ტრადიციულ რაჭულ და ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრის სწავლება; ინსტრუმენტების სახელოსნოში ვიზიტი, მათი დამზადების ტექნოლოგიების გაცნობა და ინსტრუმენტების შეძენა. ამასთან ფოლკლორის სახლი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს ვახშამს ფოლკლორული ჯგუფის „ძირიანის“ კონცერტის თანხლებით ავტენტურ გარემოში - სოფლებში. „ფოლკლორის სახლში“ მოძიებული და დაცულია 200-ზე მეტი ფოლკლორული სიმღერისა და საგალობლის ნიმუში. „ფოლკლორის სახლი“ ონში ის ადგილია, სადაც დაგხვდებათ მაგიური ჰანგებით გაჯერებული გარემო, რაჭული სიდარბაისლე და სტუმართმოყვარეობა, ხალხი და სოფლები რომლებიც მღერიან ჭირნახულის დაბინავების, ლხინის, განსაცდელის დროს ან უბრალოდ მღერიან!!!
თორნიკე სხიერელის ფბ გვერდზე წინასწარ ქვეყნდება მთელი წლის პროგრამა. ნებისმერ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია დაჯავშნოს მისთვის ხელსაყრელი პერიოდი და „ისიამოვნოს რაჭული გენის უნიკალურობით!!!“
კაცი, რომელიც ეფერება რაჭულ ჰანგებს
თორნიკეს ოჯახში ტრადიციულად ყველა თაობა მღეროდა. ის გოშაძეების ცნობილ საოჯახო ანსამბლში იზრდებოდა, სოფ ხირხონისში, სადაც პრაქტიკულად ყველა მღეროდა. სოფელში იყო ლხინი და მხიარულება, რაც თორნიკეს გონებაში ილექებოდა. ბავშვობის გახსენებისას დღესაც ათინათები დაუხტის თვალებში: „ახლაც მახსოვს მათი ხმები, მახსოვს როგორ დავდიოთ სოფლიდან სოფელში და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით განსხვავებულ შესრულებასა და ჰანგების მრავალფეროვნებაში. ამ უსასრულო მრვალაფეროვნებამ ისე მომხიბლა, რომ გადავწყვიტე ჩამეწერა ტექსტების სხვადასხვა ვერსიები, მელოდიებს ვიმახსოვრებდი. მერე მაჩუქეს დიქტოფონი, დავიწყე სოფელ-სოფლე სიარული და უნიკალური ჰანგების ჩაწერა. 200-ზე მეტი ნიმუში მოვაგროვე. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ რაჭული ფოლკლორი „წერეთელმა დაგვიბარა“ და „ქვედრულაზე“ გაცილებით მეტია. სტუდნეტობის დროს თანამშრომლობა დავიწყე ფოლკლორის ცენტრთან, რომ ჩემი საქმიანობა პროფესიონალურად წარმემართა. მარტო ჭირნახულის დაბინავებისას -„მიკარების“ პროცესისას შესრულებული „ალოობა“ იმდენად მდიდარი იმპროვიზაციებითა და ვარიაციებით იყო გაჯერებული რომ ვგიჟდებოდი - რა ძალა, რა ნიჭი, რა გენი იძლეოდა ამის ფუფუნებას. ეს იყო რაჭული მუსიკალური საოცრება, რომელსაც დაცვა, შენახვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდებოდა. ამიტომ 2009 წელს გადავწყვიტე დამეარსებინა გოგონათა და ბიჭების ბავშვთა შერეული ანსამბლი - ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი“. ტრადიციულად რაჭაში სწორედ ქალთა და მამაკაცთა შერეული ჯგუფები ასრულებდნენ სიმღერებს, ეს ტრადიციაც დავიცავით. რაც შეეხება სახელწოდებას - „ძირიანი“ ეს არის ამჟამინდელი სოფ. სხიერის ისტორიული დასახელება, რაც დასტურდება სხიერის ეკლესიის მე-10 საუკუნის კანკელის ფილაზე არსებული წარწერით. (წარწერა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკმა დავით ჯაფარიძემ ამოიკითხა). მეც მახსოვს და ისედაც ვიცოდი, რომ მუსიკალური ინსტრუმენტებიც უნიკალური ჰქონდათ რაჭველებს, განა ეს ნაკლები საოცრებაა?! ჰოდა გადავწყვიტე გამეხსნა მუსიკალური ინსტრუმენტების სახელოსნო, რომელშიც მზადდება არა მარტო პოპულარული ქართული ხალხური საკრავები არამედ ფაქტობრივად დაკარგული სახეობები - ბუზიკა/წიკოწიკო გარმონი, ჭიანური, გუდასტვირი, დაირა, როლებიც რაჭაში იყო გავრცელებული. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ამას მხოლოდ ბიზნესისთვის ვაკეთებ, ალბათ არც უმაგისობაა, მაგრამ მთელი ჩემი სულითა და გონებით რაჭული ჰანგების სამყაროში ვარ და მიხარია თუ ამ სამყაროს სხვებსაც გავუზიარებ. ქართული უნიკალური ფოლკლორული მრავალფეროვნების შენარჩუნების არიმიის ერთ-ერთი ჯარისკაცი ვარ და ჩემი საგუშაგოდან - „ფოლკლორის სახლიდან“ ვეგებები სტუმრებს.
მის. ონი, არნო ონელის 12,
მობ. (+995) 555 210 781
e-mail: tornikeskhiereli@gmail.com ; info@folkhouse.ge
FB: https://www.facebook.com/profile.php?id=100057400871594&mibextid=eHce3h